უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების მსგავსად, ყირიმიდან გასვლაზეც დახუჭოს თვალი.
„უკრაინული ძალები წინ მიიწევენ. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, წინ მიიწევენ და ეს არის ყველაზე მთავარი. წინ მივდივართ. და როცა რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, უბრალოდ თვალს ხუჭავს ამაზე, მის სისუსტეზე. ასევე, რუსულ საზოგადოებასაც შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე უპასუხა ზოგიერთ „არგუმენტებს“ იმის შესახებ, რომ ყირიმი სავარაუდოდ, „წითელ ხაზს“ წარმოადგენს მოსკოვისთვის, რომლის გადაკვეთამაც, შეიძლება, კრემლის რადიკალური ქმედებები გამოიწვიოს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული გადამწყვეტ სტრატეგიულ როლს ასრულებს.
„შავი ზღვა არის გლობალურად საკვების და, შესაბამისად, სოციალური სტაბილურობის გასაღები. ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია. გასაღებს ტერორისტებს ხელში ვერ დავტოვებთ და არც დავტოვებთ. უკრაინას აქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ აღდგება ყირიმში ნორმალური, მშვიდობიანი, სამართლიანი, დემოკრატიული ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავანგრევთ უკრაინის ნახევარკუნძულზე რუსეთის ტირანიას," - განაცხადა ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.