ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩევნები უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენას იქონიებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ფინანსური დახმარების ტემპზე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა არ შემცირდეს.

პრეზიდენტმა ამის შესახებ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„ამერიკაში მართლაც რთული წელია მოსალოდნელი, რაც დაკავშირებულია ელექტორალური შეჯიბრების წელთან. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შემცირდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წევრს შორის მართლაც არის წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების შეტანისა და უკრაინის ფინანსური დახმარების ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ამ მოწოდებების მიუხედავად, უკრაინა ამ მხრივ ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს.

„ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს. მე პირადად ვისაუბრებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯეიკ სალივანის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე განმარტა, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსი დღეს უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სალივანთან.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საკითხს მშვიდობის ფორმულის, იარაღის მიწოდებისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


უკრაინული მედიის ცნობით, გასულ თვეში რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა წარმომადგენლობით პალატაში შეიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ყველა ფინანსური დახმარების შეჩერებას. თუმცა თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინისთვის მხარდაჭერისთვის საჭირო დამატებითი თანხების გამოყოფას.