რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი” საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას რვა ცხედარია ნაპოვნი. არ არის დადასტურებული, იყო თუ არა მათ შორის პრიგოჟინი. „რია ნოვოსტის” ცნობით, თვითმფრინავი კომპანია „მნტ-აეროს” ეკუთვნოდა, რომელიც ბიზნეს ფრენებზე სპეციალიზდება.
გამოძიებას „როსავიაციის” მიერ შექმნილი სპეციალური კომისია აწარმოებს. რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამი პილოტი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური. მისივე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაციის“ ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კომიტეტის განცხადებით, საქმე ეფუძნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება.
„დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებების კომპლექსი ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.“
რას წერენ სხვა წყაროები
RBC: გამოძიება განიხილავს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა ვერსიას, მათ შორის „გარე გავლენის“ ჩათვლით. „განიხილება მომხდარის ყველა ვერსია, მათ შორის პილოტის შეცდომა, ტექნიკური პრობლემები და გარე გავლენა, - განუცხადა RBC-ს სამართალდამცავ უწყებაში წყარომ. ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს. პრიგოჟინი კი, მოკლულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო Meduza-სთან ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა „მას ნამდვილად არ გაკვირვებია.“
მისი თქმით, აჯანყების მცდელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა „გამოიტანა დასკვნები“ და პრიგოჟინის „სანდო და მართვად ადამიანად“ განხილვა შეწყვიტა. თავის მხრივ, მოსკოვის რეგიონის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, 23 აგვისტოს შუადღისას, პრიგოჟინი სავარაუდოდ, მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციისა და მოსკოვის მერიის წარმომადგენლებს "კვების საკითხებთან დაკავშირებით[საბიუჯეტო დაწესებულებებში] შეხვდა.
კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან PMC Wagner-ის შემქმნელთან, მრავალი წლის განმავლობაში აწვდიდა საკვებს სხვადასხვა საბიუჯეტო ინსტიტუტს, სახელმწიფო კონტრაქტების საფუძველზე.
კრემლთან დაახლოებული ორი წყარო ასევე გაკვირვებულია იმით, რომ პრიგოჟინმა, აჯანყების შემდეგაც კი განაგრძო ასეთი ბიზნესის წარმოება რუსეთში - და „დასკვნები ვერ გამოიტანა."
თანამოსაუბრეებმა უარი თქვეს კომენტარზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება, დაინტერესებული იყოს პრიგოჟინის შესაძლო მკვლელობით. მანამდე (თუნდაც არეულობის მცდელობამდე), Meduza-ს წყაროები არ გამორიცხავდნენ, რომ PMC-ის დამფუძნებლის საქმიანობა „უშიშროების ძალებს შეეჩერებინათ.“
ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ თუნდაც პრიგოჟინის სიკვდილი დადასტურდეს, ეს სერიოზულად არ იმოქმედებს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.
„ის იყო იმ მომენტის გმირი,“ - ამბობს ერთ-ერთი წყარო. მართლაც, ლევადა ცენტრის გამოკითხვების თანახმად, პრიგოჟინი უკვე ჩამორჩა ათეულობით პოლიტიკოსს, რომელთა მიმართაც რუსებმა ნდობა გამოაცხადეს.
თუმცა, კრემლთან დაახლოებულმა თანამოსაუბრეებმა არ გამორიცხეს, რომ პრიგოჟინს შეეძლო, გადარჩენილიყო: მას ჰყავს ინფორმატორები სხვადასხვა სტრუქტურაში, ამიტომ უნდა დაველოდოთ“. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ გარდაცვალება დადასტურდება, მაშინ, სავარაუდოდ, ამაში უკრაინის სპეცსამსახურებს დაადანაშაულებენ.
Meduza ასევე წერს, რომ ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის ცხედრები "წინასწარ იდენტიფიცირებულია." ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კომისიის წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყებიან, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ, ააფეთქეს.
დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი Meduza-სთან გააკეთა. ის ამბობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პრიგოჟინის გარდაცვალების სწრაფი დადასტურება უკიდურესად გასაკვირია. მისი შეფასებით, რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“
ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.