„არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი „პრიგოჟინის თვითმრინავის“ კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.
„შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი.
დღესვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა.