შამბა მედვედევის განცხადებაზე: აფხაზეთში არ არსებობს „პოლიტიკური ძალა“, რომელიც რუსეთთან შეერთებას გვთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს.

„ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ლოგიკური მისწრაფებაა, გაერთიანდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან და ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ არ გვყავს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გვთავაზობენ," - განაცხადა შამბამ.

შამბას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ყველა პოლიტიკური ძალა" რუსეთთან მჭიდრო და სამოკავშირეო ურთიერთობას ემხრობა.


შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს,“ - განაცხადა მედვედევმა.