უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თურქულმა კომპანია Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებს Bayraktar TV2-ის ტიპის დრონი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.
„24 აგვისტოს უკრაინულმა დაზვერვამ ცნობილი დრონების მწარმოებლისგან საჩუქრად Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო. ეს არ არის პირველი ასეთი საჩუქარი. 25 იანვარს Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვას გადასცა ორი თვითმფრინავი - Bayraktar TB2.
ამიტომ, ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას ამ რთულ დროს. დღესასწაულისთვის საუკეთესო საჩუქარია ახალი იარაღი, რომელიც დაეხმარება მტრის განადგურებას და დაიცავს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,“ - წერს დაზვერვა.
უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.