ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირი ავიამომისვლის დაწყება, ეს ის საკითხებია, რომლებზეც დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს.
კელი დეგნანის თქმით, პირდაპირ ფრენებზე პროგრესია, იყო ამაზე მუშაობა, კოვიდპანდემიის დროს ტენდენციები შეიცვალა. ახლა კი, კვლავ გრძელდება მუშაობა.
„ვისაც უფრენია ამ ორ ქვეყანას შორის, იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას, საქართველოს წარმომადგენლებთან საუბრებში ამ თემის წამოწევას, ეს საქართველოსთვისაც კარგია, ბუნებრივია, როდესაც გაქვს ეს შეთანხმება, ბაზარი სრულად იხსნება, ზოგჯერ საქართველოსთვის მოაქვს ამას სარგებელი, ზოგჯერ - მეორე ქვეყნისთვის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს და ამერიკისთვის სასარგებლო იქნება.
ამ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს, დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატებები.
იმედი მაქვს, რომ ვნახავთ დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ვხედავთ, ენერგეტიკულ კომპანიებს, ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლიოს მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველის ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.