საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 79 ადამიანი დააკავეს. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ „ნაძირლები აჩენენ ხანძარს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, კერძო საკუთრებას და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლეს.“
„ჩვენ გიპოვით, პასუხს აგებთ,“ - განაცხადა კიკილიასმა BBC-ის ცნობით.
ამასთან, საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ ხანძრის განზრახ გაჩენის თაობაზე სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება.
„ჯამში, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 79 ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში," - განმარტა მარინაკისმა.
მან აღნიშნა, რომ განზრახ ცეცხლის გამჩენებს "ყველაზე უარეს დამნაშავეებად" მიიჩნევს.
დიდი ხანძრის კერა საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისთან გაჩნდა, რაც ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის თქმით, ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძარია.
ათენის მახლობლად, პარნასის მთაზე, დედაქალაქის მიმდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებს, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ პარკს.
როგორც BBC წერს, ამ კვირის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ევროსის რეგიონის მახლობლად, 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ორშაბათს ბეოტიის რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მწყემსი დაიღუპა.