უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა.
„ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს.
მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს.
- უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
-
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.