რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პრაგმატიზმზე ისაუბრა.
„პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება, არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა,“ - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მედვედევი ამბობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა „თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკაზე მინიმალურია.
„აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, - ამბობს მედვედევი.
დღესვე, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიულოცა. მან გაიმეორა კრემლის ძველ გზავნილები, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და თბილისი დასავლელი პარტნიორების წახალისებით მოქმედებდა.
„ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმსა და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის,“ - ამბობს მედვედევი.
2008 წელს მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყო და ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებაც მან გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყავნის მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.