საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოს დროს, მიწის მცირე მეტრიანი მასა ჩამოიშალა.


„შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოს გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაო. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე.


ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.