კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის ტემპის შესახებ კითხვის საპასუხოდ, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა „ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს [უკრაინის ომი - რედ.] ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა.“
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება,“ - აღნიშნავს ტრუდო.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.
შეგახსენებთ, უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო.
რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.