რუსული მხარე აცხადებს, რომ კურსკში დრონის შეჯახებამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის განცხადებით, ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა და კორპუსის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.

„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა,“ - წერს ოლქის გუბერნატორი.
 
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

  • რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.