პარტია "მოქალაქეების ლიდერმა" და უკვე პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი, დეპუტატის ხელფასი გადარიცხოს.
"ნიკამ ამასწინ ეთერში მე მომმართა და თქვა, ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი ზედმეტი არავის აქვს, მეც არ მაქვს, მით უმეტეს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება", - აღნიშნა ელისაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის შედეგია და "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს მართლმსაჯულება დატოვა.
"ეს კაცი, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, ნაციონალურმა მოძრაობამ რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს და ქართული ოცნების მთავარი პრობლემა და უბედურება ისაა, რომ მთელი ის მართლმსაჯულება დატოვა, მურუსიძეები დატოვა და პროკურორების 95%. ეს არის ჩემი მთავარი სასაყვედურო ქართული ოცნებისადმი და ამ შედეგებს ვიმკით. ციხიდან ეს არ გამოსწორდება, გამორიცხულია", - თქვა ელისაშვილმა.
ნიკა მელიამ ელისაშვლის ამ განცხადებას უოპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება, რომ ვინმემ გირაო გადაუხადოს.
„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.