ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არ იქნება სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება.

ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ უკრაინის გამარჯვება დემოკრატიულ ცვლილებებს ბელორუსშიც გამოიწვევს. ეს აზრი მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში, ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში გამოთქვა.

„მჯერა უკრაინის გამარჯვება წერტილს დაუსვამს.. ძალიან ბედნიერი ვიქნები ამ სახელმწოფოების ხალხის გამო.. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გააჩენს, შექმნის დემოკრატიას და წვლილს შეიტანს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


კითხვას, თუ როგორი გამარჯვება წარმოუდგენია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უნდა გამოირიცხოს ომის განმეორების შესაძლებლობა. ამასთან, ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის არმია ყირიმის ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ზეწოლა ტერიტორიის პოლიტიკური გზით დემილიტარიზაციის მიზნით. 


ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას შეუძლია, სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში ევროპაში ლიდერი გახდეს. ზელენსკი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფოს ღალატთან გათანაბრდეს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივა იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომ კორუფციულ ქმედებებზე არავინ იფიქროს.

ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით