პაველ ასტახოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა „ტრანზიტზე უარი განუცხადეს“

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში, პაველ ასტახოვი ამბობს, რომ ტრანზიტით თურქეთში გადასვლას ცდილობდა, თუმცა საქართველოს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეებისგან უარი მიიღო.

„სპასის გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რომ ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები.

მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათის განმავლობაში, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენებზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე უარი გვითხრეს," - განუცხადა რუსულ მედიას ასტახოვმა.


ამასთან, მან ქართველი მესაზღვრეების ქმედებებს „პროვოკაცია“ და „თვითნებობა“ უწოდა. „თარჯიმანიც კი არ უზრუნველყვეს,“ - განაცხადა ასტახოვმა კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-თან. როგორც ასტახოვი ამბობს, შემთხვევა პარასკევს, 25 აგვისტოს მოხდა.