ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამერიკა-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას.
ბლინკენი და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს. სახელმწიფო მდივანმა მწუხარება გამოთქვა ერაყის ჩრდილოეთით თურქი მძევლების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები არიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა არ შეინარჩუნოს რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემა.