გაერო ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები", - ამის შესახებ გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებაში არსებულ პრობლემებია ხაზგასმული და საქართველოს მთავრობას მის გამოსასწორებლად, გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

"საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და გულწრფელად უთანაგრძნობს მის ოჯახს. გაერო მოითხოვს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას.გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს.

აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში.

აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.

საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი", - აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში