ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთი ელიტური ქვედანაყოფების ნაკლებობას განიცდის, რომლებსაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევების წარმოებისას ეყრდნობოდა.
ISW-ის ცნობით, რუსი სამხედროები სწრაფად ათავსებენ ელიტარულ მედესანტებს წინა ხაზზე, სადაც უკრაინის კონტრშეტევითი ჯარები არიან კონცენტრირებულნი. 27 აგვისტოს ელიტური რუსული საჰაერო ქვედანაყოფი სავარაუდოდ, რობოტინოში ლუგანსკის ოლქიდან გადაიყვანეს.
უკრაინულმა ძალებმა რობოტინო 28 აგვისტოს გაათავისუფლეს. ISW-მ განაცხადა, რომ ამ დანაყოფების ხშირი გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ მათი სიმძლავრე სავარაუდოდ, მცირდება.
„ამ ძალების დეგრადაცია, სავარაუდოდ, შეასუსტებს რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს რთული თავდაცვითი ოპერაციები და თითქმის აუცილებლად შეაფერხებს რუსეთის ნებისმიერ განზრახვას, განაახლოს შეტევითი ოპერაციები მასშტაბურად,“ - წერს ISW.
მისივე თანახმად, ასეთი ოპერაციები ადრე დიდწილად იყო დამოკიდებული „ელიტურ ქვეითებზე, რაც ახლა რუსეთს მოაკლდა.
28 აგვისტოს მოხსენებაში მოყვანილია უკრაინელი ოფიციალური პირების კომენტარები, რომ რუსეთმა გარკვეულწილად შეავსო სარაკეტო არსენალი, მაგრამ 2022-2023 წლების ზამთრის შეტევის მსგავსი მასშტაბის კამპანიის განხორციელების უნარი არ აქვს.
„რუსულმა ძალებმა 2022 წლის შემოდგომასა და ზამთარში საჰაერო კამპანიის დროს, დარტყმები 100-მდე რაკეტით, ერთი დარტყმის სერიისას განახორციელეს. მათი სარაკეტო არსენალის ზღვრული შევსება, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთს ამ მასშტაბის საჰაერო კამპანიასთან მიახლოებაში,“ - წერს ISW.
თუმცა ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალი რუსული კამპანიები შეიძლება, ნაკლებად დაეყრდნოს რაკეტებს და უფრო მეტად მაღალი სიზუსტის დრონების იერიშზე კონცეტრირდეს.