უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს.
„რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, - აღნიშნა მალიარმა.
მალიარის თქმით, მოწინააღმდეგის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ.
მისივე თქმით, უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბახმუტის გარშემო სულ 44 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ.
CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც.