მედვედევი ამჯერად აპოკალიფსის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მორიგი მუქარანარევი გზავნილებით გამოდის. უკრაინის მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის „იურიდიულად მნიშვნელოვან“ მტკიცებულებას წარმოადგენს. მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის (ომის უფლება) ფარგლებში NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.


„აპოკალიფსის წინასწარმეტყველება სულ უფრო ახლოსაა,“ - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“. მას მოჰყავს 3 ციტატა. ახალი აღთქმიდან იოანე მოციქულის გამოცხადების მეცხრე თავიდან: „იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი და ვერ ჰპოვებენ, ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ". ასევე - ლენინის ციტატა: „ჩვენ ვახსოვართ, სანამ სხვას ხელს ვუშლით“ და ნიკიტა ხრუშჩოვის ციტატა: „მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენ მხარესაა. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“.


უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული საშუალებებით, მაგრამ ეს შეუძლებელია სამხედრო ოპერაციების გარეშე.

დაზვერვის უფროსს ასევე მიაჩნია, რომ სანამ თავდაცვის ძალები მიიწევენ ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს.


უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა.


„ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს.

მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს.