„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე თანხმობა არ გასცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, თანხმობა არ გასცეს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია თავის გვერდზე აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი საქმეზე შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას.

„მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.