ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა

ინდოეთმა ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია.


აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს.

„დღეს დიპლომატიური არხებით ძლიერი პროტესტი დავაფიქსირეთ ჩინურ მხარესთან მის ე.წ. 2023 წლის „სტანდარტულ რუკასთან დაკავშირებით“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ინდოეთის ტერიტორიაზე. ჩვენ უარვყოფთ ამ უსაფძვლო პრეტენზიებს, ჩინური მხარის ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ართულებს საზღვრების საკითხის გადაწყვეტას," - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


მანამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა „ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები“ უარყო.

„აბსურდული პრეტენზიების წამოყენება ინდოეთის ტერიტორიაზე, მას ჩინეთის ტერიტორიად არ აქცევს.“ - განუცხადა ჯაიშანკარმა საინფორმაციო არხ NDTV-ს.


ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გასულ კვირას, იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან და ხაზი გაუსვა შეშფოთებას სადავო ჰიმალაის საზღვარზე დაპირისპირების შესახებ.


ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა.


ინდოეთისგან განსხვავებით „ჩინეთის პრეტენზიებს“ ჯერ არ გამოხმაურებია მოსკოვი, რომელიც ასევე „პეკინის „სამიზნე“ გახდა.

კეროდ, როგორც რუსული მედისაშუალება RBC წერს, ზემოთ აღნიშული რუკის მიხედვით, მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. განმარტებით შენიშვნაში პეკინი უთითებს, რომ „რუკა ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“ არის შედგენილი.


2008 წელს მოსკოვსა და პეკინის მიერ გაფორმებული შეთანხმებით, კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო, რაც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი ჰქონდა.

დიდი უსურის კუნძულს დაახლოებით 340 კვადრატული კილომეტრი უკავია. მდებარეობს ხაბაროვსკთან ახლოს, ამურის დაბლობზე, მდინარე უსურის შესართავთან.


კუნძულის კუთვნილების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, 1920-1930-იან წლებში კუნძულზე საბჭოთა ჯარებმა დაამყარეს კონტროლი.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუნძული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ჩინეთი კუნძულის სტატუსზე 1964 წლიდან დაობდა, მაგრამ 2008 წლის შეთანხმების შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის, კუნძულის მფლობელობის შესახებ არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.