ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობენ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა, თუმცა იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო.
„რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
მედიაში დღეს, 30 აგვისრტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.