სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ შესწავლილი ყოფილა.

ახალი აღმოჩენის შესახებ ცნობა და ვიდეო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა. „დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული,“ - დაწერა Facebook-ზე  სოსიაშვილმა.

ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, გორის მერიის დახმარებით მიმდინარეობს.


მეცნიერმა, გოგი მინდიაშვილმა ახლად აღმოჩენილი სამარხის შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები... ერთ მეტრზე მეტი დიამეტრი სიგრძის მქონე თვლების. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს,“ - განაცხადა გოგი მინდიაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მისივე თქმით, „შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის.“

არქეოლოგის შეფასებით, როგორც წესი, ასეთ სამარხებს უნდა ჰქონდეთ ყორღანული ყრილი. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვერსად ვერ დავაფიქსირეთ ეს, შეიძლება, ეს ახალი ელემენტი არის შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი, რომელიც განსხვავებულია თრიალეთისა და მესხეთისგან," - აღნიშნა მინდშვილმა.