რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა.
„დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა,“ - წერს მერი.
სობინიანის თქმით, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.
დღეს დილით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა ტრადიციულად გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროებით შეზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაშვება.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 აგვისტოს საღამოს რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული თვითმფრინავი, ერთი რაკეტა კი - ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდო.
რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამტკიცებდა, რომ ფრთოსანი რაკეტა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. მისმა „მრჩეველმა“ ოლეგ კრიუჩკოვმა დაამატა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა.
უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
-
ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით