Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76

რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორი აეროპორტზე (უკრაინიდან 700 კილომეტრში) დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება. მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, რუსი სამხედროები უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას იგერიებენ. „ინციდენტის დაწყებიდან მე პირადად ვარ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

„სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტს თავს 10-20 დრონი დაესხა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია,“ წერს Meduza.


წინასწარი მონაცემებით, აეროპორტზე თავდასხმის დროს ოთხი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 დაზიანდა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

334-ე სამხედრო სატრანსპორტო პოლკი ფსკოვის აეროპორტშია განლაგებული.


გარდა ამისა, ტელეგრამ არხ Shot-ის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის ავზსაც.

ფსკოვისა და მიმდებარე რეგიონების ცა მთლიანად დაკეტილია - წერს ტელეგრამ არხი Mash-ი. ოთხშაბათს ღამით ფსკოვის აეროპორტში სამოქალაქო რეისები არ განხორციელებულა.

„თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობის საცავი იყოს,“ - ციტირებს Meduza ფსკოვის მხარეს. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სხვა ვერსიით კი, სამიზნე შესალოა, იყოს ჩერეხინსკის სამხედრო ბაზა, სადაც განლაგებულია 104-ე სადესანტო თავდასხმის პოლკი, რომელიც 2022 წელს უკრაინის ბუჩის ოკუპაციაში მონაწილეობდა.“