BBC: რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმში წელს დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

BBC-ის ცნობით, რუსეთის ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მიმდინარე წელს, დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა. გამოცემა Verify-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან ადევნებს თვალყურს რუსულ მედიაში დრონებით თავდასხმების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

როგორც BBC წერს, 30 აგვისტოს ღამის თავდასხმები რუსეთის ექვს ოლქზე ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, რაც წლის დასაწყისიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულა.

ამ დროის მონაცემებით, 2023 წელს დრონებით თავდასხმები კონცენტრირებული იყო ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.


2023 წელს შავ ზღვაში რუსეთის ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ბაზებზე და ყირიმის ხიდზე, დრონების გამოყენებით ათამდე თავდასხმა განხორციელდა. BBC წერს, რომ დრონებმა მოსკოვის ოლქსაც მიაღწიეს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 450 კილომეტრშია.

  • რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.