ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ახალი „სტარდარტული რუკა“ უარყვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ორშაბათს ჩინეთმა გამოაქვეყნა თავისი რუკა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის დაახლოებით 90%-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სადავო წყლებს, სადაც ყოველწლიურად, 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ივაჭრება.
ფილიპინებმა ხუთშაბათს მოუწოდა ჩინეთს,, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები დაიცვას. თავის მხრივ, მალაიზიამ განაცხადა, რომ დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა ჩინეთს.
მალაიზიის საგარეო უწყებამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხს რთული და სენსიტიური უწოდა. Reuters-ი წერს, რომ პეკინის მიერ წარმოდგენილი რუკა განსხვავდება იმისგან, რაც 2009 წელს გაეროს წარუდგინა. ახალ რუკას უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი აქვს. უახლესი რუკის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანი „აბსოლუტურად არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი."
შეგახსენებთ, რუკასთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატა ინდოეთმაც. ეს ქვეყანა მომდევნო კვირას დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს და როგორც მედია წერს, სამიტს არ დაესწრება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.
„ჩინეთის პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის მკაფიო იყო. ჩინეთის კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად ახლებენ და ყოველწლიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის სტანდარტულ რუკას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები ამას ობიექტურად და რაციონალურად შეხედავენ,“ - განაცხადა თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს პეკინის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს. ჩინეთის ახალ რუკაში პეკინი პრეტენზიას „რუსეთის ტერიტორიაზეც“ აცხადებს.