2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა.
გარდა ამისა, წელს, ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი - 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
„სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.