ისრაელის ელჩი რან გიდორის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
ელჩის ცნობით, 2020 წელს ხელმოწერილი პროტოკოლის ამოქმედება COVID-19-თან ერთად ორივე მხარეს არსებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა შეაფერხეს, თუმცა ახლა უკვე ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ მალე დაიწყება.
"რამდენიმე თვის წინ საქართველომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების შესახებ. ამ შეთანხმების შემდგომ განისაზღვრა პროტოკოლი, რომ ლეგალური დასაქმება მოხდება მხოლოდ ერთი კატეგორიის - მომვლელების მიმართულებით, ანუ მათთვის, ვინც ხანდაზმულებს უვლიან როგორც სპეციალურ ინსტიტუციებში, ასევე მათ სახელბში. დღესდღეობით, ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ქართველი აპლიკანტებისთვის დასაქმების შეთავაზება შეგვიძლია.
სამწუხაროდ, ამ პროტოკოლის იმპლემენტაცია გადაიდო, რაც როგორც COVID19-ის სირთულეებს, ასევე ორივე მხარეს არსებულ ბიუროკრატიულ სირთულეებს უკავშირდებოდა. თუმცა, ახლა ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ ფაზასთან, როდესაც შეგვიძლია, დავიწყოთ ამ პროექტის იმპლემენტაცია და მოვიწვიოთ შესაბამისი კანდიდატები ისრაელში," - განუცახადა bm.ge-ს რან გიდორმა.
ამასთან, ისრაელის ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უწყებები არიან ჩართული, შესაბამისად, მოქალაქეები არ უნდა ენდონ განცხადებებს კერძო კომპანიების მხრიდან, რომლებიც დასაქმებისთვის შუამავლობის სერვისს სთავაზობენ. რან გიდორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროა.
საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.