Reuters: აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებს პირველად გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველად გადაწყვიტა, რომ უკრაინას მიაწოდოს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.


ჭურვებით რუსული ტანკების განადგურება იქნება შესაძლებელი. ეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი.

სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედგის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.

წყაროს ცნობით, საბრძოლო მასალები თავსებადია ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება.

უკრაინამ ამ ტიპის ჭურვები Challenger 2-ის ტიპის ტანკებისთვის დიდი ბრიტანეთისგან უკვე მიიღო.

WSJ ივნისში წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავდა.