მიანმარის სამხედროები მოსახლეობას ახალ არჩევნებს დაჰპირდნენ

Reuters-ის ცნობით, გადატრიალების გზით მოსული სამხედრო მთავრობა მოსახლეობას ახალ არჩევნებს ჰპირდება, ხოლო ამის პარალელურად დაპატიმრებულ ლიდერს დამატებით ბრალდებებს უყენებს.

მმართველმა რეჟიმმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველი თებერვლის მოვლენები სინამდვილეში გადატრიალება არ ყოფილა და რომ მათ ახალი არჩევნები სურთ. "ჩვენი მიზანია ახალი არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა",- აცხადებს ბრიგადის გენერალი, ზაუ მინ ტუნი.

არჩევნებზე დამატებითი ინფორმაცია არაა ცნობილი, ქვეყანაში წლის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაკავებული პრეზიდენტის შესახებ სამხედრო ლიდერმა განაცხადა, რომ ის ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი აუნგ სან სუ ჩაი, არ არიან დაკავებულნი და რომ მათივე უსაფრთხოებისთვის ისინი შინა პატიმრობაში არიან. აუნგ სანის ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდებას კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს და კონტრაბანდის შემოტანის პარალელურად მას, ბუნებრივი კატასტროფის მართვის კანონის დარღვევაშიც ედავებიან.

განცხადება მმართველმა რეჟიმმა სამხედრო ტელევიზიისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის გზით გაავრცელა. მიანმარში ამ დროისთვის Facebook-ი დაბლოკილია.