მედია: არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“,  რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი სამართალდამცავი ორგანოებიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ის ღიად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. რუსეთში მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ამოიღეს რეპერტუარიდან.


ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში, ბრემენში ითამაშა სპექტაკლში - „ჩემი შვილიშვილი ბენიამინი". სპექტაკლის შემდეგ კი, სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა. 

მას შემდეგ რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის გენპროკურატურას 85 წლის მსახიობის წინააღმდეგ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“, ღალატის მუხლით, საქმის აღძვრა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.