უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 3 სექტემბერს ღამით, ტელევიზიით აჩვენა დოკუმენტური ფილმი - „რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“, სადაც ჩანს რუსი პილოტიც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ის 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. პილოტი ფილმში ჰყვება, რომ მსახურობდა რუსეთის 319-ე პოლკში, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი პრიმორსკის მხარეა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ პირველად აჩვენა რუსი მფრინავი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის მხარეს გადაიყვანა სპეცოპერაციისას, კოდური სახელწოდებით „სინიცა“.
კუზმინოვის თქმით, ის თავად დაუკავშირდა და სიტუაცია აუხსნა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია. ამასთან, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე, შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში იფრინა.
მან განმარტა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ სხვა რუს მფრინავებსაც მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.