თეგი: MI-8

როგორ შეიტყუა უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე

გამოცემა Ukrainska Pravda უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტყუა.  მედიის ცნობით, უკრაინული სამხედრო დაზვერვა ოპერაციას 6 თვეზე მეტი განმავლობაში ატარებდა. სპეცოპერაცია რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა. კერძოდ, ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. მას Su-27-ისა და Su-30-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ნაწილები გადაჰქონდა. პილოტთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი. სპეცოპერაციის ფარგლებში ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. გადაბირებული პილოტი უკრაინაში დარჩა, სადაც მისი ოჯახის წევრებიც გადაიყვანეს. ახლა პილოტი და მისი ოჯახი უკრაინაში იმყოფებიან. Ukrainska Pravda-ს წყაროები ამბობენ, რომ ვერტმფრენი ახლა კიევშია.  

რუსეთში, ჩელიაბინსკში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ჩელიაბინსკის ოლქში FSB-ს კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი სასწრაფო დახმარების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენი სოფელ პრუდნის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. Mi-8 სასწავლო ფრენას ასრულებდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ავარიის წინასწარ ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. თავის მხრივ, ტელეგრამ არხი Mash-ი წერს, რომ ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის პირობებში, შესაძლოა, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეჯახა. მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება.  მაშის ინფორმაციით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ინსტრუქტორი და ორი იუნკერი. ტელეგრამ არხი 112 ასევე იუწყება, რომ ჩამოვარდნილი Mi-8-ის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგებოდა.  

რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენის უკრაინის ტერიტორიაზე „შეტყუების“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 3 სექტემბერს ღამით, ტელევიზიით აჩვენა დოკუმენტური ფილმი - „რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“, სადაც ჩანს რუსი პილოტიც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ის 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. პილოტი ფილმში ჰყვება, რომ მსახურობდა რუსეთის 319-ე პოლკში, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი პრიმორსკის მხარეა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ პირველად აჩვენა რუსი მფრინავი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის მხარეს გადაიყვანა სპეცოპერაციისას, კოდური სახელწოდებით „სინიცა“. კუზმინოვის თქმით, ის თავად დაუკავშირდა და სიტუაცია აუხსნა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია. ამასთან, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე, შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში იფრინა. მან განმარტა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ სხვა რუს მფრინავებსაც მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.  

რუსეთში MI8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მაგადანის ოლქში MI-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.