პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება“.
პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან ეს არის ორმაგი სტანდარტი და ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ.
„შარშანაც იყო ეს კონფერენცია და არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი და ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს.
ისინი იქ არამხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღისწესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებში, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეები არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღისწესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ.
თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვინაიდან ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ და სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტი, ქართველ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორები კონფერენციის, სადაც გამომსვლელებში ჰყავთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს.
ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციებს მხრიდან, რომ ერთის მხრივ საკუთარ ქვეყანაში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ თითქოსდა ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ სწორედ ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დღეს დაიწყო.