ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მესამე დღეა, დაკეტილია. მეორე დღეა გადაუღებლად თოვს კავკასიონის ქედის ორივე მხარეს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათს ღამით დაკეტეს და როდის გაიხსნება, დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ.
„ავტომაგისტრალის, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ მონაკვეთებზე ძლიერი თოვა არ წყდება. გუშინდელი დღის შემდეგ თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრზე მეტით მოიმატა“, - განაცხადეს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამორიგეო ნაწილში და პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, რადგან მომდევნო დღეების ამინდი არაკეთილსაიმედოა.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი გადის მაღალ მთებში, კვეთს ოთხ ქედს და ათ ხეობას. ზამთარში ტრანსკასიური მაგისტრალი ხშირად პრობლემურია, ძლიერი ნალექებით გამოწვეული მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელი ზვავების გამო. ხშირად, ამის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყვეტილია გარესამყაროს. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ გადასასვლელები ჩაკეტილია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენაც.