უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა.
მან საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში და სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
„ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე.
„იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.