ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი. პოლიციის ცნობით, იდენტიფიცირებული და დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი. ისინი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლუგოს პროვინციაში დააკავეს, სადაც ახალ ქურდობას გეგმავდნენ. ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც, მათ შორის, ძვირფასეულობა, ტელეფონები და ნაღდი ფული.
„გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავებაც სამომავლოდ,” - აღნიშნულია განცხადებაში.
ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს.
ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს ჩატარდა. პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.