NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება და თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, კონფერენცია როცა პირველად დაფუძნდა, მას ჰქონდა ორი პრინციპული ამოცანა და ეს ამოცანები დღესაც რელევანტურია.
„პირველი ამოცანაა დასავლეთიდან ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, რომ მათ ეს ქვეყანა გაიცნონ, რადგან ბევრი მცდარი შეხედულებაა საქართველოს შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა შორსაა და ეგზოტიკურია. ფრენას მთელი ღამე სჭირდება და ფიქრობ, რომ ის ახლო აღმოსავლეთშია. ამ ხალხის ჩამოყვანა და ქვეყნის გაცნობა მნიშვნელოვანია, რათა მათ თავად იგრძნონ და ნახონ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. კულტურულად, ისტორიულად, მენტალურად, ორიენტაციით ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდის, გავლენიანი ადმიანები არიან თავიანთ სამშობლოში.
მეორე მიზანი კი არის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს დარჩენა დღის წესრიგში. მსოფლიოში ყოველთვის არის კრიზისები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს – ომი ერაყში, ომი სირიაში, ლიბიაში, ტაივანი, ახლა უკრაინა – და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს საქრთველო. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა, 15 წლის წინ და დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის გამოსავლის გზებზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ვოლკერის შეფასებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე მიენიჭოს, თუ მომავალში.
„ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აცხადებენ, რომ სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. მას საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განცალკევება სურს და ეს ადამიანები ევროკავშირში ამბობენ, რომ არ სურთ ეს მოხდეს, არ სურთ ვლადიმერ პუტინის სურვილის მხარდაჭერა. ევროკავშირში ადამიანების სხვა ჯგუფი აცხადებს: „ჩვენ მივეცით საქართველოს გარკვეული კრიტერიუმები, მათგან ბევრი შესრულდა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა მოვიცადოთ," - განაცხადა ვოლკერმა თბილისში, მედიასთან საუბრისას.
კურტ ვოლკერის შეფასებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ქართველი ხალხის, მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა.
ცნობისთვის, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პუტინიზმის დამარცხება“ დღეს დასრულდა.