ISW: უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ჯარების მძლავრი თავდაცვითი ბარიერები გაარღვია

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ჯარების დიდი თავდაცვითი ბარიერები გაარღვიეს.

„უკრაინის მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა წინ წაიწია პოზიციებამდე ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების, ‘დრაკონის კბილების’, გადაღმა, რაც შეადგენს რუსეთის თავდაცვით ზოლს“ ოლქის დასავლეთში, განაცხადა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW).



გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს.


ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.


„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ.

მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.