NATO ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმით.
შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა გააკეთა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს,“ - განუცხადა NATO-ს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, მოკავშირეთა საზღვრების მიმდებარედ, რისკებს უქმნის ალიანსს.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს.
იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება.
NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.