სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა

ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის მიმართ დარღვევა არ დაადგინა.

საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას შეეხებოდა. მელია მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:

  • მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა.


ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.


მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.

ევროკავშირმა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი გადაიხადა. მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა.


განახლება: ნიკა მელია საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:

არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.

დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ.

ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ – მეორე, კარგად გვახსოვს.

არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია ოცნების „სამართალი“.

ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა,“ – წერს ნიკა მელია.