კახა კალაძე მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

"კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ცალკეულ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა კიდევ მოვუწოდო ასეთ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დედაქალაქში გაგვითოვდა, შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული „თბილსერვისის“ ტექნიკა მუშაობდა და ახლაც მუშაობს. მიმდინარეობს გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა და გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად ჩაერთვებიან გამგეობები შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება. კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ცალკეულ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ.

მინდა კიდევ მოვუწოდო ასეთ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას, ამიტომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ზამთრის სეზონის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან“, - განაცხადა კალაძემ.