გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების წარმომადგენლები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.