სასამართლომ, "ბირჟა მაფიას" საქმეზე უკანონო დაკავების გამო, პროკურატურას 36 815 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალურ პროკურატურას "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთი წევრის უკანონო დაკავებისთვის, პატიმრობისთვის და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. პროკურატურას გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან მორალური ზიანისთვის 10 ათასი ლარი. ქებურიას ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა და ამ საქმეზე ინფორმაციას ეს ორგანიზაცია ავრცელებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ადასტურებენ.

"საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა", - ნათქვამია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" განცხადებაში.

„ბირჟა მაფიის“ წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.