ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია.

„ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.


უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი.


ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ბორელმა.