რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებაზე გააკეთა კომენტარი.
„დღეს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის განაპირას“, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
არძინბას თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.
„ჩვენ ამ კონკურენციაში არ უნდა დავმარცხდეთ, ამისთვის ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამურად მუშაობაა საჭირო. ჩვენ დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება არ გვაქვს. მორიგ ჯერზე ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს წყდება, ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღე,“ - განაცხადა არძინბამ.
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ“ ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“.
- „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას.“
არძინბას თქმით, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. არძინბამ დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ამ საკითხისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტია. რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია.
2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.