9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაბამის ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია, თოვლჭყაპი აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მოქალაქეებს 112-სგან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ტელეფონებზე დაეგზავნათ ტექსტით: „9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ.“